ევროკავშირი ამერიკისთვის პროპორციული პასუხისთვის მზადაა

ამერიკის მხრიდან ევროკავშირისთვის დღეიდან ამოქმედებულ რკინასა და ალუმინზე გაზრდილ გადასახდელს, ევროკავშირი პირდაპირპროპორციულად უპასუხებს.

ევროკავშირი დღეს აპირებს სარჩელით მიმართოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას.

„ამერიკის მხრიდან მიღებული ზომები მოწოდებულია დაიცვას ამერიკული მრეწველობა უცხოური კონკურენციისგან, რაც ეწინააღმდეგება მსო-ს ნორმებს. სარჩელის გარდა, ჩვენ ამერიკის წინააღმდეგ მივმართავთ სხვა ზომებს, რომლის კოორდინირებას მოვახდენთ ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც ასევე შეეხოთ ამერიკის ქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი აქამდე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამერიკასთან, ჩვენ მზად ვართ ამიერიდან პირდაპირპროპორციულად ვუპასუხოთ ვაშინგტონის აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, - წერია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პროდუქციის ჩამონათვალი, რომელზეც ევროკავშირი დამატებით გადასახადს დააწესებს, უკვე მზადაა და მან მხარდაჭერა მიიღო ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისგან. „აშშ-მა ჩვენ არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი გარდა მსო-ში მისი ქმედების გასაჩივრებისა და მთელ რიგ პროდუქციაზე გადასახადის გაზრდისა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა.

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ ამერიკის გადასახადები ეხება ექსპორტს ევროზონიდან, რომლის მოცულობამ 2017 წელს 6,4 მილიარდი ევრო შეადგინა.

კოკა კვირკველია