დაახლოებით 2015 წლიდან ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სფეროში შემოვიდა ახალი ტერმინი HR ბიზნეს პარტნიორი.
ახალმა ტერმინმა hr პროფესიონალების როლი მნიშვნელოვნად გაზარდა ორგანიზაციაში. აქამდე თუ HR-ს სჭირდებოდა იმის მტკიცება, რომ ის მხოლოდ მხარდამჭერი რგოლი არ არის, დღეს ამ ტერმინმა შეცვალა მიდგომა და მკაფიოდ აჩვენა, რომ ეს არის რგოლი, რომელიც ბიზნეს ლიდერებთან და/ან შესაბამისი რგოლის მენეჯერებთან მჭიდრო კონტაქტში მუშაობს ზიარი ორგანიაციული მიზნების მისაღწევად, რაც კონკრეტულად მოიცავს ადამიანური რესურსების სისტემებისა და პროცესების შექმნას და პრაქტიკულად ამუშავებას, რაც სტრატეგიული ბიზნეს მიზნების შესრულებას უზრუნველყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ბიზნეს პარტნიორი ამბიციური ადამიანური რესურსების პრაქტიკოსთა მიერ მოწონებული აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიული პარტნიორის როლი ერთგვარი მამოძრავებელი სამიზნეა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ განმარტებული და ზოგადად პოზიციონირებულია იმ ცვალებადი ურთიერთობების ფონზე, რომლებიც დაფიქსირებულია, როგორც შიდა, ისე გარე ასპარეზზე და ბიზნეს პარტნიორობა მხოლოდ „ფრაგმენტული გამოცდილებაა”. შესაბამისად ადამიანური რესურსების ბიზნეს პარტიორობის მრავალი განმარტება არსებობს, ხოლო მათი როლი სხვადასხვა ორგანიზაციაში სხვადასხვაა. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს დასახელება შესაძლოა მხოლოდ ადამიანური რესურსების ტრადიციული ზოგადი როლის უბრალოდ ახლებური სათაური იყოს.
რადგან ვსაუბრობთ იმაზე, რომ HR ბიზნეს პარტნიორი უნდა მუშაობდეს ზიარი ორგანიაციული მიზნების მისაღწევად, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად უფრო მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ HR სფეროში მომუშავე ადამიანებს. დღეს უკვე საკმარისი აღარ არის სტანდარტული ფუნქციების შესრულება როგორიცაა, დაკვეთით პერსონალის შერჩევა, ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მოწესრიგება და სხვა. თუ გვსურს HR-ი იყოს კომპანიის ბიზნეს პარტნიორი და კომპანიის თითოეული მიმართულების სტრატეგიულ საქმიანობას უწყობდეს ხელს, მაშინ დროა შევცვალოთ სამუშაო აღწერილობა. იმისთვის, რომ გაგვიმარტივდეს სამუშაო აღწერილობის ცვლილება, მოდი გავეცნოთ კვლევების მიხედვით გამოვლენილ 5 პუნქტიან სიას თუ რას უნდა აკეთებდეს HR ბიზნეს პარტნიორი ორგანიზაციისთვის.
ადამიანური რესურსების ბიზნეს პარტნიორმა უნდა:
1. გაიაზროს ბიზნესი მთლიანობაში ისევე, როგორც მისი კონკურენტუნარიანი გარემო;
2. ესმოდეს კარგად თავისი როლი ბიზნესის წარმატებაში და როგორი გზებით აპირებს იგი ამ მიზნების მიღწევას;
3. ფართე ჭრილში დაინახოს ადამიანური რესურსების როლი ბიზნესის წარმატებაში
4. უზრუნველყოს ის, რომ მისი საქმიანობა კოლეგების სტრატეგიულ საქმიანობას უწყობს ხელს;
5. იყოს აქტიური, წინასწარ განჭვრიტოს მოთხოვნები, დაადგინოს რა პრობლემები არსებობს
ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მხრივ და მოძებნოს ინოვაციური და მტკიცებულებაზე-დამყარებული გამოსავალი, რომელიც ბიზნესის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.
ასე რომ, ცვლილებების დროა, თუ გვინდა ჩვენი კომპანია კონკურენტუნარიანი იყოს ბაზარზე, მაშინ დროა უფრო მეტი ვიფიქროთ ადამიანებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა შევუწყოთ მათ ხელი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.
ავტორი: ნინო ფეიქრიშვილი