Xiaomi-მა საფლაგმანო მოდელის სამი ვარიანტი წარადგინა

ჩინურმა სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიამ Xiaomi-მა ოფიციალურად წარადგინა საფლაგმანო მოდელი Mi 8 და მისი რამდენიმე ვერსია.

როგორც გამოცემა The Verge წერს, სმარტფონის ძირითადი ვერსია Mi 8 ჩაანაცვლებს სმარტფონს Mi 6, ხოლო „შვიდიანზე“ უარის თქმას კომპანიაში იმით ხსნიან, რომ ამ ჩინურ კომპანიას წელს დაარსებიდან 8 წელი უსრულდება.

Mi 8

ახალი სმარტფონი აღჭურვილია 6,21 დიუიმიანი AMOLED დისპლეით Samsung-ისგან, გაფართოვებით 1080*2248-ზე, ფუნქცია Always-On მხარდაჭერით. Mi 8 გახდა Xiaomi-ის პირველი სმარტფონი, რომელმაც სმარტფონების მწარმოებლებში ამ ბოლო დროს პოპულარული დიზაინი მიიღო. ის აღჭურვილია ტოპ პროცესორით Qualcomm Snapdragon 845, 6-გბ ოპერაციული მეხსიერებით და 128 და 256 გბ ძირითადი მეხსიერებით.

სმარტფონის უკანა მხარეს განთავსებულია სკანერი თითის ანაბეჭდებისთვის და ორმაგი ძირითადი კამერა 12 მეგაპიქსელითა და ოთხკვანძიანი ოპტიკური სტაბილიზატორი. ფრონტალური კამერა 20 მეგაპიქსელიანია და აღჭურვილია სახის 3D-სკანირების სისტემით, რომელიც მოწყობილობის განბლოკვას სიბნელეშიც ახდენს. კიდევ ერთი განსაკუთრებული ფუნქცია სმარტფონისთვის გახდა ორსიხშირიანი GPS- მოდული, რომელიც უფრო მეტი სიზუსტით განსაზღვრავს მოწყობილობის ადგილს.

Xiaomi Mi 8 ჩინეთის ბაზარზე 5 ივნისს გამოვა, მისი ღირებულება კი 420 დოლარიდან 515 დოლარამდე იქნება ოპციების მიხედვით. რაც შეხება ფერს, ის წარმოდგენილი იქნება ოთხ ფერში: შავი, თეთრი, ლურჯი და ოქროსფერი.

Mi 8 Explorer Edition

Xiaomi Mi 8 -სთან ერთად ჩინურმა კომპანიამ ასევე წარმოადგინა მეტად „განვითარებული“ ვერსია Explorer Edition. მისი ძირითადი განმასხვავებელია დისპლეიში ჩამონტაჟებული თითის ანაბეჭდის ამომცნობი. გარდა ამისა, მას ექნება 8-გბ ოპერაციული მეხსიერება და 128-გბ მეხსიერების ბარათი. ხოლო მისი უკანა პანელი იქნება გამჭვირვალე და შესაძლებელი იქნება მოწყობილობის გარკვეული ნაწილების ნახვა.

ამ სმარტფონის ფასი 577 დოლარი იქნება, ხოლო გაყიდვების დაწყების თარიღი ჯერ არ კონკრეტდება.

Mi 8 SE

და ბოლო, ეს არის ამ სერიაში ყველაზე იაფი მოდელი, რომელიც უფრო კომპაქტური და ხელმისაწვდომია. მან 5,88 დიუიმიანი დისპლეი მიიღო და პირველი მოწყობილობაა, რომელიც იმუშავებს ახალი პროცესორით Qualcomm Snapdragon 710, რომელიც საშუალო დონის სმარტფონებისთვის შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელმაც მიიღო ორმაგი უკანა კამერა 12 და 5 მეგაპიქსელებით და 20 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ამ სმარტფონის გაყიდვები 8 ივნისს დაიწყება და მისი ფასი მხოლოდ 280 დოლარი იქნება.

კოკა კვირკველია