სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს აღრმავებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქ კიევში OECD-ისა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის ( Sigma) ფარგლებში, საჯარო შესყიდვებზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, თავმჯდომარის მოადგილეები კახა დემეტრაშვილი და გელა გელაშვილი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი გულისაშვილი ესწრებოდნენ. ქართული დელეგაციის წევრებმა ჩაატარეს თემატური პრეზენტაციები და მიიღეს მონაწილეობა აქტიურ დისკუსიაში 3 პანელში: ცენტრალიზებულ შესყიდვებზე, ჩარჩო ხელშეკრულებებსა და ელექტრონული შესყიდვების მომავალზე.
ვიზიტის ფარგლებში ლევან რაზმაძემ მოლაპარაკებები ევროკომისიის მაღალჩინოსნებთან, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების სტატუსთან დაკავშირებით გამართა. ასევე, დაისახა ევროკავშირის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის გზები. გარდა ამისა, გაიმართა მოლაპარაკები უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროსთან სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე.