საქართველოს მოსახლეობის 89% ავტომაგისტრალების მდგომარეობას პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ საუბარია „ეისითის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის ინფრასტრუქტურის ინდექსის მიხედვით, კვლევის მონაწილე 136 ქვეყანას შორის საქართველო 3.2 ქულით 76-ე ადგილზეა. რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები (5.7), ხოლო ბოლოს – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იკავებს (1.8). მოცემული ინდექსი აერთიანებს როგორც სახმელეთო, საჰაერო და საპორტო, ასევე ტურისტული სერვისების ინფრასტრუქტურას. შეფასება ხდება ეკონომიკის ყველა სფეროს ინფრასტრუქტურის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მაჩვენებელზე დაყრდნობით.
2017 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად აფასებს საგზაო ინფრასტრუქტურას. კვლევის ფარგლებში რესპოდენტებს სთხოვდნენ შეეფასებინათ დასახლების შიდა და გარე გზები, ავტომაგისტრალები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მისი ღირებულება, ასევე საგზაო ნიშნები, შუქნიშნები, განათება და სახლების ნუმერაცია. ამავე კვლევის 2013 და 2015 წლების შედეგების გათვალისწინებით, საგზაო ინფრასტრუქტურის პოზიტიური შეფასების მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ ტენდენციურად მზარდია.
მოსახლეობა ყველაზე პოზიტიურად ავტომაგისტრალების მდგომარეობას აფასებს (89%), ყველაზე ნეგატიურად კი დასახლების შიდა გზებს (43%). რა თქმა უნდა, შიდა გზების მდგომარეობა განსაკუთრებულად სოფლის მაცხოვრებლებს აწუხებთ.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კმაყოფილია როგორც ტრანსპორტის მოძრაობის სიხშირით, ისე ფასის ხელმისაწვდომობით (81%-81%). ამ თვალსაზრისით, საუკეთესო მაჩვენებელი სამეგრელო-ზემო სვანეთში და აჭარაში ფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქის მოსახლეობას, უმრავლესობისათვის ტრანსპორტის მოძრაობის სიხშირე დამაკმაყოფილებელია (82%), მაგრამ მხოლოდ 33% თვლის ტრანსპორტის ფასს ხელმისაწვდომად.
დამატებითი საგზაო ინფრასტრუქტურიდან, ყველაზე პრობლემატური შუქნიშნებია – მოსახლეობის 42% ამბობს, რომ მათ დასახლებაში სარეთოდ არ არის შუქნიშნები; რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით რეგიონებში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე თბილისში. 25% საგზაო ნიშნების არ არსებობაზე საუბრობს, ქუჩებზე ნუმერაციის არქონას გამოკითხულთა 38% აფიქსირებს, 15% კი ამბობს, რომ მათ დასახლებაში არ არის გარე განათება.
კვლევა 2017 წლის მარტში ჩაატარა ეისითიმ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის (SCO) ოფისისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით. მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით კმაყოფილების დონის დასადგენად საქართველოს მაშტაბით 3400 ზრდასრული რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის სრულ შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე“, - აღნიშნულია „ეისითის“ კვლევის ანგარიშში.