ბათუმში დღეს ტურისტული სეზონი გაიხსნება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საზაფხულო სეზონს დღეს "საოცრებათა პარკში" გახსნის.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნა ზღვაზე დასვენებასთან დაკავშირებული სპორტული და გასართობი ღონისძიებებით იქნება გამორჩეული.

"საოცრებათა პარკის" ტერიტორიაზე დასარტყამი ინსტრუმენტებით კოსტუმირებული მსახიობები საკარნავალო მსვლელობით დამსვენებლებს სანაპიროსთან შეკრებისაკენ მოუწოდებენ, სადაც მოწყობილია სცენა.

სანაპიროზე მოწყობილი იქნება ფრენბურთის მოედანი, მაგიდის ჩოგბურთი, ქუჩის კალათბურთი, ხელბურთი, ტანმოვარჯიშეების მოედანი, ველო-აკრობატების ზღვაში სახტუნაო ტრამპლინი, პოდიუმი საცურაო კოსტუმების ჩვენებისთვის, მოსასვენებელი შეზლონგები, ზღვაში მოწყობილი წყალბურთის მოედანი და საცურაო ბილიკები მოცურავეთათვის.

ზღვის პერიმეტრზე განთავსებული იქნება სხვადასხვა საცურაო საშუალებები - სკუტერები, ნავები, კაიაკიები, აფრიანი იახტა, ხოლო ჰაერში იფრენს პარაშუტები და 3 პარაპლანი.

ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.