შეგიძლიათ თუ არა ანდერძის არარსებობის შემთხვევაში მემკვიდრეობის სავალდებულო წილი მოითხოვოთ

პირის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების განაწილება-განკარგვა - ეს არის საკითხი, რომლითაც მოქალაქეები საადვოკატო ბიურო Ok&CG-ს ყოველდღიურად აკითხავენ.

ინტერესს ძირითადად ის იწვევს - ანიჭებს თუ არა საქართველოს კანონმდებლობა პირებს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლებას, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა ანდერძი.

როგორც საადვოკატო ბიურო, OK&CG-ს იურისტები განმარტავენ, ხშირად სავალდებულო წილის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირები ამ უფლების შესახებ ინფორმირებულნი არ არიან, რის გამოც მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა იზღუდება.

„მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც იმ წილის ნახევარი უნდა იყოს, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა.

სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან წარმოიშობა. სამკვიდროს გახსნის დროდ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე ითვლება. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება მემკვიდრეობით გადადის.

თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებული უნდა იქნეს ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც სამკვიდროს მისაღებად იქნებოდნენ მოწვეული, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.

გასათვალისწინებელია, რომ პირი, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება აქვს, მოვალეა სავალდებულო წილში ჩათვალოს ყველაფერი, რაც მამკვიდრებლისაგან მის სიცოცხლეში მიიღო – იმაზე მითითებით, რომ მიღებული სავალდებულო წილში ჩაითვალოს.

თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო არაა გათვალისწინებული, მაშინ სავალდებულო წილი პირველ რიგში გამოიყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი, ხოლო, თუ ეს საკმარისი არ იქნება, შეივსება ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან,“-აღნიშნავენ ბიუროში.

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, თუ მამკვიდრებელმა ნივთი მესამე პირს აჩუქა, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია მისი შევსება იმ თანხით მოითხოვოს, რომლითაც მისი სავალდებულო წილი გაიზრდება, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჩუქარი ანგარიშში არ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის საჩუქრის გადაცემიდან 10 წელია გასული.

„თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს ეანდერძა ქონება, რომელიც იმ წილის ნახევარზე ნაკლებია, რომელსაც იგი კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ის წილი, რასაც კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა.

სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას მის მიღებაზე, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო წილის გაზრდას. სავალდებულო წილის მიღება ან მის მიღებაზე უარის თქმა უნდა მოხდეს სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმისათვის დადგენილ დროში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იმ მემკვიდრის წილი, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება ჩამოერთვა, ანდერძით მემკვიდრეებზე გადადის,“-აღნიშნავენ იურისტები.