"EuroDIG-ი არის პლატფორმა, სადაც იხილება, როგორ უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაცია ინტერნეტ-მმართველობაში"

“საქართველო მასპინძლობს EuroDIG –ს, ევროპულ დიალოგს ინტერნეტ-მმართველობისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტარდება. EuroDIG-ი არის პლატფორმა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები იხილება იმისათვის, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაცია მმართველობაში, მათ შორის, ინტერნეტ-მმართველობაში,- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა EuroDIG 2018 -ის ფარგლებში გამართულ YouthDIG 2018-ზე გამოსვლისას.

ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმის თბილისში ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საქართველოში ინტერნეტ მმართველობა სწორი მიმართულებით, ინტენსიურად ვითარდება, ინტერნეტი კი ღია და დაცულია.

ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე - EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები“ და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაეროს „ინტერნეტ მმართველობის ფორუმს“ (IGF). EuroDIG- ი ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად - თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.