"ბიუ ბიუს" ჯიხურები დაახლოებით ერთი თვით დაიხურება.
როგორც Allnews.ge-ს "ბიუ ბიუს" დირექტორმა, რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, ამის მიზეზი ფრინველის ფერმაში დაგეგმილი სანიტარული დასუფთავებაა.
"ჩვენ ვაპირებთ სანიტარულ დასუფთავებას. 5 წელი გავიდა რაც ფერმა არ დასუფთავებულა. ეს ყველა ფერმაში ხდება. ამიტომაც ჯიხურებს ერთი თვის განმავლობაში არ მიეწოდება ნედლი ხორცი და შეჩერდება მათი მუშაობა. ალბათ ორშაბათიდან დავიწყებთ დასუფთავებას. ჯიხურების ნაწილის მუშაობა უკვე გავაჩერეთ დროებით. პროცესს ერთ თვეზე ნაკლები დასჭირდება", - აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.
მისივე თქმით, საექსპორტო ვალდებულებების შესრულება გაგრძელდება - "ნედლი ხორცის მიწოდების ვალდებულება გვაქვს აზერბაიჯანთან, დაახლოებით 400 ტონის, მის მიწოდებას გავაგრძელებთ".
რაც შეეხება "ბიუ ბიუს" გაყინულ პროდუქციას, ვაშაკიძის თქმით, ამის მარაგი არსებობს და მისი რეალიზაცია მაღაზიებში გაგრძელდება.