ვერც ერთი მემანქანე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე , - ამის შესახებ ერთ-ერთმა მემანქანემ, რატი კაპანაძემ გლდანის დეპოში, მემანქანეთა გაფიცვაზე განაცხადა. მისი თქმით, ისინი მოსამართლის გადაწყვეტილების შესაბამისად, არასამუშაო საათებში გაიფიცნენ, თუმცა ეს მაინც გამოიწვევს მეტროპოლიტენის პარალიზებას.
„მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ არაკანონიერი და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო, მაინც დავემორჩილებით მის განჩინებას და როგორც მოსამართლემ გვითხრა, არასამუშაო საათებს, როდესაც მემანქანეები ისვენებენ, გამოვიყენებთ გაფიცვისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე დღეს ცვლაში წასასვლელი ადამიანები იქნებიან ფიზიკურად გადაღლილი. ამავდროულად ვაცხადებთ შიმშილობას და ეს ადამიანები იქნებიან აბსოლუტურად გამოფიტულები. აქედან გამომდინარე, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაზე ვერც ერთი მათგანი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.
თქვენ იცით, რომ თბილისში დღე-ღამის განმავლობაში 400 ათასამდე გადაყვანას ახორციელებს მეტროპოლიტენი, ამიტომ იმის გამო, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებენ მემანქანეები მატარებლის უსაფრთო მართვას, ეს ავტომატურად გამოიწვევს მეტროპოლიტენის გაჩერებას“, - განაცხადა რატი კაპანაძემ.
მემანქანეებმა არასამუშაო საათებში გაფიცვა და შიმშლობა დაიწყეს, რაც მათი თქმით, 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს.
მეტროს მემანქანეები გაფიცვას ხელფასის მომატების მოთხოვნით აწყობენ. აღსანიშნავია, რომ გაფიცვის მიუხედავად მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეფერხებულა, რადგან გაფიცვას მხოლოდ ის მემანქანეები აწყობენ, რომლებსაც სამუშაო ცვლა დაუმთავრდათ.