კომპანიას, რომელიც მინუს 16 მილიონით ამთავრებს ყოველწლიურად თავის საქმიანობას, არ აქვს შესაძლებლობა ხელფასების 45%-იანი ზრდა განახორციელოს , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე, მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა ჩაერთოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოლაპარაკებებში, კალაძემ აღნიშნა, რომ უკვე არაერთი შეხვედრა გაიმართა.
"მე არ ვიცი რა არასამთავრობოებზე გაქვთ თქვენ საუბარი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. არაერთხელ გაიმართა შეხვედრები. ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე არაერთხელ შეხვდნენ კონკრეტული პროფკავშირების წარმომადგენლებს, ვინც გაფიცვა მოაწყო. აუხსნეს და განმარტება გააკეთეს, რომ კომპანიას, რომელიც მინუს 16 მილიონით ამთავრებს ყოველწლიურად თავის საქმიანობას, არ აქვს შესაძლებლობა 45%-იანი ხელფასების ზრდა განახორციელოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 1400-დან 1800 ლარამდე იღებენ ხელფასს", - განაცხადა კალაძემ. მან გაფიცვა უკანონო აქტად შეაფასა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით მემანქანეების დროებით გაფიცვის უფლება შეჩერებული ჰქონდათ.
"ჩვენი მხრიდან არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან, შესაბამისად, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში", - განაცხადა კალაძემ.