„გაასაჯაროვეთ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ფინანსური ანგარიშები“

კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა "ეკო-ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მეტროს მემანქანეების ხელფასის შესახებ წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო კახი, როცა თქვენ აცხადებთ, რომ მეტროს მემანქანეებს ისედაც მაღალი ხელფასები აქვთ და შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" არ გააჩნია რესურსი გამოყოს დამატებითი სახსრები, გთხოვთ მეტი სიცხადისთვის გაასაჯაროვოთ კომპანიაში დასაქმებული ადამიანების სია, მათი ხელფასები, დანამატები, პრემიები, ასევე კომპანიის ბოლო წლების ფინანსური ანგარიში და ვიმსჯელოთ, მეტროს მემანქანეები იქცევიან უპასუხისმგებლოდ თუ თქვენ, როცა იცით, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია მისი არსებობის მანძილზე არის პარტიული აქტივისტების, ჩინოვნიკების ცოლების, მათი საყვარლების და ნათესავების დასაქმების ადგილი და არ ახდენთ კომპანიის სტრუქტურულ ოპტიმიზაციას. მოახდინეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის რეფორმირება, სახლში გაუშვით უსაქმურები, რომლებიც წურბელებივით აზიან მეტროს მემანქანეების და რიგითი თანამშრომლების მხრებს და იქნებ იმდენი დანაზოგი გააკეთოთ, რომ დოტაციაც შეამციროთ და მემანქანეებსაც ღირსეული სამუშაო პირობები შეუქმნათ, რადგან მათზე დგას თბილისის მეტროპოლიტენის სისტემა, ისინი უნდა დავაფასოთ და მათ უნდა მოვუსმინოთ," - წერს ურუშაძე.