„საქართველოში სასტუმროების მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციებით, „საპარტნიორო ფონდს“ ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
ჩვენ ვზრუნავთ, რომ საქართველოს თითოეული რეგიონის ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, - ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „Welcome to Georgia!“-ის ფარგლებში გამართულ ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით იმართება, რომელსაც სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე წარმომადგენელი, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი დაესწრო.
დავით საგანელიძემ კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა: „საპარტნიორო ფონდი“ სერიოზულად მუშაობს ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყნის უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენს ქვეყანას რეალურად გააჩნია ტურისტული პოტენციალი და ეს მიმართულება არის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. აღსანიშნავია, რომ ტურიზმით მიღებული შემოსავლებით ყველაზე მეტ სარგებელს რეგიონის მოსახლეობა იღებს. ჩვენ ვცდილობთ, წამოვწიოთ საქართველოს მხარეებისა და ქალაქების უნიკალური კულტურულ-გეოგრაფიული მახასიათებლები და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ვზრუნავთ რეგიონების განვითარებაზე, მათ შორის, სამთო-საკურორტო და სპა-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კონკურენტუნარიანს ხდის მსოფლიო მასშტაბით. ფონდი, ასევე, აქტიურად იღებს მონაწილეობას ტურიზმის ინდუსტიაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაში და ამ მიზნით, პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობს.“
კონფერენციის პირველ პანელში „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ მიიღო მონაწილეობა. დისკუსია ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის აქტუალურ საკითხებს შეეხება. გიორგი დანელიამ აქცენტები გააკეთა ტურიზმის სექტორში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტების, კერძო სექტორთან თანამშრომლობის, დარგში არსებული გამოწვევებისა და ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შესახებ.
კონფერენცია პროექტის თანადამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.