2018 წლის 1-ელ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,6%-ით გაიზარდა და 18,0 მილიარდი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 8,7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 16,0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2018 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 47,5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,4% - საშუალო, ხოლო 31,1% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43,5%, საშუალოზე - 24,9%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31,6%.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018 წლის I კვარტალში 12,7 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,4%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 8,3 მლრდ ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,3%-ით მეტი). 2018 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 637,0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,6% ქალია, ხოლო 59,4% - კაცი.