2018 წლის 1-ელ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 637 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,6% ქალი, ხოლო 59,4% - კაცია. ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37,2% მსხვილ ბიზნესზე, 22,2% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 40,6% - მცირე ბიზნესზე მოდის.
„დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 603,6 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,7%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 2017,1 მლნ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,3 %-ით მეტი),“-აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება ხელფასებს, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 106,4 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 82,4 ლარით მეტია.
„მათ შორის ქალების ხელფასმა - 841,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 64,7 ლარით) შეადგინა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 193.2 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 219.6 ლარი, მცირე ბიზნესი – 944.1 ლარი,“- ნათქვამია ინფორმაციაში.