აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა.მთელი დღის განმავლობაში საზაფხულო დეკორაციებით მორთულ ზღვის სანაპიროს უამრავი ადამიანი ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად სტუმრობდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, მათი პოზიტიური განწყობის შექმნაზე დილიდან ისეთი დიჯეები და ბენდები ზრუნავდნენ, როგორებიცაა დიჯეი Chiki, Vako T, ლაშა გურული, Gabunia, ბენდი Groove Phoenix, Bedford Falls და დიჯეი The Drifter გერმანიიდან.
ფესტივალის განმავლობაში, ხალხმრავლობა და დიდი ჩართულობა იყო სპორტულ-გასართობ და საბავშვო აქტივობებში. მათ შორის იყო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისადმი მიძღვნილი კუთხე, სადაც ბავშვებსა და არამარტო მათ ოლიმპიადის თილისმა კუ მასკოტი გიგანტურ ჭადრაკის დაფასთან თამაშსა და სხვადასხვა გასართობ აქტივობებში ჩართულობისკენ მოუწოდებდა.
„სანაპიროზე მოწყობილი იყო ღია კაფე-ბარები და ბუნგალო, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სპეციალურ ფასად შეეძინათ სასმელები, ხილი, ნაყინი და საკვები. ფესტივალის ფორმატი და გარემო ყველა გემოვნებისა და ასაკის ადამიანს აძლევდა საშუალებას დრო სასიამოვნოდ გაეტარებინათ. შთამბეჭდავი იყო საღამოს შოუ, რომელიც გერმანულმა ქალთა დასმა Friedrichstadt Ballett წარმოადგინა. ლათინო-ამერიკული ცეკვების გარდა, გუნდის წევრებმა პოპულარული ჰიტები შეასრულეს, რასაც მსმენელის ოვაციები მოჰყვა. გარდა ამისა, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ცეცხლოვან შოუთი და გრანდიოზულ ფოიერვერკით დამტკბარიყვნენ. ფესტივალი ღამის სამ საათამდე გაგრძლდა და ის დიჯეიმ Gabunia დაასრულა. წელს, აჭარა ზაფხულს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და სიახლეებით ხვდება. რეგიონში ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს მთიანი აჭარის საინტერესო ტურისტული მარშრუტები, ახალი განთავსების ადგილები, ტურისტული სერვისები, საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ელოდებათ“, - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.