უკრაინულმა ავიაკომპანია YANAIR-მა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ პირველ ივნისს მიენიჭა.
პირველი რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს შესრულდა. ავიარეისები Airbus A321, Boeing B737 და MD83 ტიპის საჰაერო ხომალდებით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბრამდე შემდეგი განრიგით განხორციელდება: 4 ივნისიდან 23 ივნისამდე - კვირაში ერთი სიხშირით (ყოველ ორშაბათს); 23 ივნისიდან 6 ოქტომბრამდე - კვირაში 2 სიხშირით (ყოველ ორშაბათსა და შაბათს).
ცნობისთვის, უკრაინული YANAIR, საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ახალი მიმართულების გარდა, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კიევიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით და ოდესიდან - ბათუმისა და თბილისის მიმართულებით ასრულებს. მიმდინარე წლის 8 ივნისიდან, YANAIR აგრეთვე განაახლებს სეზონურ ფრენებს ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებით.