სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული 1423.10-ლარიანი დავალიანება და გაკოტრებული „სასტუმრო იმერეთი“

შპს „სასტუმრო იმერეთი“ გაკოტრებულად გამოცხადდა და რეგისტრაციაც გაუუქმდა. ამის შესახებ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული.

როგორც განჩინებაშია აღნიშნული, 2017 წლის 8 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „სასტუმრო იმერეთის“ დირექტორმა თამაზ კაკაურიძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი სახელმწიფო ბიუჯეტი, თანხით – 1 423.10 ლარი. სხვა კრედიტორები და დებიტორები საზოგადოებას არ ჰყავს და ამასთან, ორგანიზაციას საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ერიცხება.

„გაკოტრების საქმის გახსნის შემთხვევაში საზოგადოება ვერ უზრუნველყოფს თავისი ქონებით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯების დაფარვას. ითხოვს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ მითითებით, რომ შპს „სასტუმრო იმერეთი“ გაკოტრებულად გამოცხადდეს რეგისტრაციის გაუქმების გზით.

2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შპს „სასტუმრო იმერეთის“ დირექტორს თამაზი კაკაურიძეს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „სასტუმრო იმერეთის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის 2/3753-17 განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 22 დეკემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის,“-აღნიშნულია სასამართლოს განჩინებაში.

შესაბამისად, შპს „სასტუმრო იმერეთი“ გაკოტრებულად გამოცხადდა და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციაც გაუქმდა. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში შეიძლება.

ცნობისთვის, რეესტრის 2017 წლის 26 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, „სასტუმრო იმერეთის“ 100%-იანი წილის მფლობელი თვითმმართველი ერთეული ზესტაფონის მუნიციპალიტეტი იყო.