ნავთობის ფასს ამერიკული ექსპორტი აბალანსებს

მსოფლიო ბაზარზე ნვთობის ფასი დასტაბილურდა, რასაც ძირითადად ამერიკაში მოპოვების ზრდა და შესაბამისად, გლობალური მოთხოვნის დაბალანსება განაპირობებს.

ბრენტის მარკის ნავთობის ერთი ბარელის ფასი 76.79 დოლარის სიახლოვესაა, ამერიკული მსუბუქი ნედლი ნავთობის ფასი კი ოდნავ, 65.86 დოლარამდე გაიზარდა.

„ზაფხული დაიწყო, ნავთობზე მაღალი მოთხოვნის სეზონი. და ვფიქრობ, ამერიკული მარაგები შემცირებას დაიწყებს. იმავდროულად, ამერიკაში ფიქალური ნავთობის მოპოვება კვლავ იზრდება. ამათგან რომელი გადაწონის, მთავარი ახლა ესაა“, - ამბობს „მუცუბიში კორპორეიშენის“ რისკების მენეჯერი ტონი ნიუნანი.

ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, ამერიკაში ნედლი ნავთობის დღიური მოპოვება მარტში 10.47 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. „ბეიკერ ჰიუზის“ მონაცემებით, გასულ კვირაში ამერიკაში ჭაბურღილების რიცხვი ორით გაიზარდა და ჯამში 861-ს მიაღწია, რაც 2015 წლის მარტის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. იმავე კომპანიის სტატისტიკით, ბოლო ცხრა კვირაში ეს იყო მერვე შემთხვევა, როცა მოქმედი ჭაბურღილების რიცხვმა მოიმატა.

არაბული ქვეყნების ნავთობის მინისტრები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საჭიროა თანამშრომლობის გაგრძელება ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციასა (OPEC) და მის არაწევრ მსხვილ ექსპორტიორებს შორის, რათა შესაძლებელი იყოს მსოფლიო მოხმარების დაბალანსება.

საუდის არაბეთის, გაერთიანებული არაბული საემიროების, კუვეიტის და ალჟირის მინისტრები, ასევე OPEC-ის არაწევრი ომანის მინისტრი შაბათს კუვეიტში შეხვდნენ ერთმანეთს და სხვადასხვა საკითხზე ითათბირეს. მთავარი განხილვის თემა, OPEC-ის 22 ივნისის შეხვედრაა, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ნავთობის მიწოდების შეზღუდვის შეთანხმების გაგრძელება იქნება. იმ დროს, როცა ირანიდან და ვენესუელადან მიწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ამერიკამ კი შეშფოთება გამოთქვა ნავთობის ფასის უწყვეტი ზრდის გამო, გლობალურ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება. სწორედ ეს შეზღუდვაა იმის მთავარი მიზეზი, რომ ნავთობის ფასი იზრდება.

საუდის არაბეთი, რომელიც OPEC-ის ფაქტობრივი ლიდერია და რუსეთი, რომელიც მოპოვების მხრივ, მსოფლიო ლიდერია, მზად არიან, დააბალანსონ ბაზარზე მიწოდების ნებისმიერი დეფიციტი, რომელიც ირანის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების განახლებას შეიძლება მოჰყვეს. რუსული გიგანტი „როსნეფტი“ აცხადებს, რომ სულ რაღაც, ორი დღე ეყოფა იმისათვის, რომ დღიურად ბაზარზე დამატებით 70 000 ბარელი ნედლი ნავთობი გამოიტანოს.

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ჰეჯ ფონდებმა ნავთობზე ხარული (ყიდვა/გაძვირება) გარიგებების შეჩერება დაიწყეს და ფასის დაწევის მოლოდინში არიან.