Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ EXIT-ის ქოლგის ქვეშ ჩატარდება.
“EXIT-ის ფესტივალი 2014 წლის „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ დასახელდა ევროპის ფესტივალების დაჯილოების მიერ. ფესტივალი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.
Exit ფესტივალი 2000 წელს დაარსდა და მას საფუძველი დაედო დიდი სტუდენტური მოძრაობის შედეგად, რომელიც სერბეთში დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. დაარსებიდან დღემდე Exit Festival-ის სცენაზე ისეთ არტისტებს დაუკრავთ, როგორებიც არიან: Depeche Mode, Guns N' Roses, Massive Attack, Faithless, Arctic Monkeys, Jamiroquai, Portishead,Wu-Tang Clan, The Prodigy, Sex Pistols და სხვა“, - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
"მე წარმოვადგენ EXIT Festival-ს. EXIT Festival-მა წელს მეორეჯერ მოიპოვა ევროპის მთავარი საუკეთესო ფესტივალის სტატუსი. ჩვენი ფესტივალი 18 წლის წინ სერბეთში, ნოვი-სადში შეიქმნა, ფესტივალს 20-ზე მეტი სცენა აქვს და 1000-ზე მეტ ღონისძიებას ითვლის. ჩვენ წელს ვმასპინძლობთ მსოფლიოს ვარსკვლავებს, მიგოსიდან დაწყებული გრეის ჯონსით დასრულებული. რაც შეეხება საქართველოს, თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლის მიზანია ECHOWAVES გავხადოთ EXIT-ის ნაწილად. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს კოლეგებს დავეხმარებით, გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რომ საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ბრენდის ქვეშ ხელი შევუწყოთ საქართველოს როგორც ქვეყანას სადც ტარდება ფესტივალი. ჩვენ ბალკანეთის რეგიონში 5 ფესტივალს ვუწევთ ორგანიზებას", - განაცხადა ANAKLIA ECHOWAVES-ის EXIT Festival-ის საერთაშორისო მენეჯერმა, მარია ვუიოვიჩიმ.