ტურისტების რაოდენობა მაისში 16.1%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩიგოვაძის თქმით, უცხოელი ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ თბილისს, მეორე ადგილზეა აჭარა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის მაისის თვეში, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა.
"2018 წლის მაისში საქართველოში 633,086 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 541,752 შეადგინა, ზრდა +9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 359,744 შეადგინა, რაც 50,008-ით მეტია 2017 წლის მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +16.1%). ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტომ მიაწოდა.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+24.5%), აზერბაიჯანიდან (+7.4%),სომხეთიდან (-8.9%) და თურქეთიდან (-2.4%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +78.6%, გაერთიანებული სამეფო +63.6%, საფრანგეთი +59.7%, იტალია +59.5%, ნიდერლანდები +54.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +354.5%, ჩინეთი +88.7%, ირანი +46.1%, ისრაელი +38.9% და ბელარუსი +33.3%", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
რაც შეეხება იანვარ-მაისის თვეების მონაცემებს, საქართველოში 2,834,576 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა.
"2018 წლის იანვარი-მაისის თვის მონაცემებით საქართველოში 2,834,576 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2,390,656 შეადგინა, ზრდა+16.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,533,785 შეადგინა, რაც 291,380-ით მეტია 2017 წლის იანვარი-მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +23.5%)
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.7%), თურქეთიდან (+21.7%), სომხეთიდან (+6.3%) და რუსეთიდან (+28%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +59% ლატვია +48.7%, გერმანია +37.3%, საფრანგეთი +34.4% და პოლონეთი +27.9%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეას რესპუბლიკა +154.5%, ჩინეთი +83.4%, ქუვეითი +80.4%, ირანი +60.5%, ისრაელი +44.7% და სხვა", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებში.