2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი შეადგენდა 799 მილიონ დოლარს (ზრდა +28.4%), რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში, რომლის პრეზენტაციაც დღეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გამართა.
"2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.75 მილიარდ (2,751,279,624)დოლარს (ზრდა +27%), რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.4%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.5%-ია.
2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, საქართველოში ტურისტები ყველაზე დიდ თანხას ხარჯავენ დასვენებასა და კულტურული გართობის მიზნით.