ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგის - EuroDIG 2018 ფორუმის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და საკომუნიკაციო ბაზარის განვითარების საკითხებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ბაზრის გახსნილობასთან დაკავშირებით საქართველო ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში მოქმედებს.
„ჩვენ გვაქვს ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე და ბაზარი იმ თანმიმდევრობით, რა ვალდებულებაც გაგვაჩნია, აუცილებლად გაიხსნება. რომ დავაკონკრეტოთ - აქაც არის დაშვების წერტილების გახსნილობაზე ლაპარაკი. თვითონ ბაზარი, რა თქმა უნდა, გახსნილია და დღესაც შეუძლია ნებისმიერ კომპანიას შემოვიდეს ბაზარზე, დარეგისტრირდეს და დაიწყოს საქმიანობა, უბრალოდ აქ საუბარი იმაზეა, რომ არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაშვების წერტილებში რამდენად იქნება რეგულირებადი და გახსნილი ეს მიმართულება, რაც უკვე არის ევროპის ასოცირების შეთანხმების მიხედვით ჩვენი ვალდებულება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის განვითარებაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოყო საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, მისივე თქმით, ქვეყანაში მაუწყებელთა რაოდენობა გაიზარდა.
„ციფრული საეთერო მაუწყებლობის გადასვლის ფართომასშტაბიანი რეფორმის გამო, ეროვნულ დონეზე 21 არხი თავისუფლადაა ხელმისაწვდომი, რეფორმამდე 4 ნაციონალური მაუწყებელი იყო. აღნიშნულმა მყარი საფუძველი ჩაუყარა ელექტრონული მედიის, მედია პლურალიზმისა და მრავალფეროვნების მდგრად განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.