საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი კომპანია შპს „ბრაით როუდ“ გაფართოვდება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია რომლის მთავარ საქმიანობას სამშენებლო კომპლექტების წარმოება და სატრანსპორტო მომსახურება წარმოადგენს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, ბეტონისა და ბლოკის მრავალპროფილური დანადგარების შეძენას შეძლებს, რითიც რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამზადება მოხდება.
აღნიშნული საწარმო, რომელიც 2018 წლის სექტემბერში ამოქმედდება სამომავლოდ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და წარმოებული პროდუქცით ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას გეგმავს. კომპანია პირველ წელს - 9,500 კბ.მ., ხოლო მეორე წელს - 11,400 კბ.მ. მოცულობის ბეტონის წარმოებას შეძლებს და ამოქმედების პირველ ეტაპზე 5 ადამიანს დაასაქმებს.
საწარმო თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქ. №151 განთავსდება და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 593 500 ლარი შეადგენს.
2018 წლის მაისის მონაცემებით „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 363 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 880 მლნ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 454 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 14,000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.