„ნისანმა“ „ლიფის“ ღია ვერსია გამოუშვა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის, „ნისან ლიფის“ გაყიდვები იაპონიაში უკვე გასცდა 100 000-იან ზღვარს და ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ მისი ერთჯერადი, ღია სპეცვერსია გამოუშვა, სახელად „ნისან ლიფ ოუპენ ქარ“.

ავტომობილი პირველად „ნულოვანი გამონაბოლქვის საზოგადოების“ ფორუმზე წარსდგა.

ვერსია „ნისან ლიფ ოუპენ ქარ“ ბაზირებულია მეორე თაობის „ლიფზე“ და მისგან იმით გამოირჩევა, რომ სახურავი არ აქვს. ის მხოლოდ საჩვენებელი ავტომობილია და გასაყიდად არ არის განკუთვნილი. „ნისანი“ არც მომავალში მის გამოშვებას აპირებს. სამაგიეროდ, შემუშავებული აქვს გეგმა (M.O.V.E.), რომლის შესაბამისადაც, 2022 წლისთვის ბაზარზე 8 ახალი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს.

„ნისანმა“ ელექტრომობილ „ლიფის“ წარმოება 2010 წლის დეკემბერში დაიწყო. პირველად ის იაპონიის ბაზარზე გამოჩნდა. მთელს მსოფლიოში, უკვე 320 000 „ლიფია“ გაყიდული. მეორე თაობის მოდელის პრემიერა შარშან შედგა. ის წინამორბედზე თითქმის ორჯერ მეტი ტევადობის (40 კილოვატსაათი) ელემენტების ბლოკით არის აღჭურვილი, რომელიც ერთი დამუხტვით, თითქმის 400 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ავტომობილს მამოძრავებელი ძალით გაუმჯობესებული ელექტრო ძრავი ამარაგებს, რომლის სიმძლავრეც 150 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 320 ნიუტონმეტრია.