ავიაკომპანია GEORGIAN AIRWAYS-ი მიმდინარე კვირის ბოლოს "ტავ ურბან ჯორჯიას” საქართველოდან გასვლის მოთხოვნით აქციას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ავიაკომპანია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას თანადგომისკენ მოუწოდებს.
როგორც GEORGIAN AIRWAYS-ის მიმართვაშია ნათქვამი, მათი პროტესტის მიზეზი ავიაბილეთების ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, "ტავ ურბან ჯორჯიასთან" უშედეგო მოლაპარაკებები გახდა.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, "ტავ ურბან ჯორჯიასთან" მოლაპარაკებას ავიაბილეთების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც შედეგი არ გამოიღო.
სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა, რომ ვაიძულოთ "ტავ ურბან ჯორჯია" გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისაკენ. წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისთვის“,-ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.