პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, იუშიმ ელჰან-კაიალარს შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის პროცესში აზიის განვითარების ბანკის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე რომან კაკულიამ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ახალი ინიციატივის - საკრედიტო სქემის დაფუძნების - შესახებ სტუმრის მოსაზრებები მოისმინა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საფინანსო რესურსებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდაში დაეხმარება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ძირითად კომპონენტებს, რომელთა ერთობლივმა ამოქმედებამ საქართველოს სიღარიბის შემცირების კონკრეტულად გაზომვადი შედეგები შეიძლება მოუტანოს.
შეხვედრაზე სტუმარმა აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი რამდენიმე ქვეყანაში უკვე ახორციელებს საპილოტე პროგრამას, რომლის მიზანია რეგიონის დონეზე პრიორიტეტების განსაზღვრის სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება და ამ პრიორიტეტების მიხედვით კონკრეტული ინსტრუმენტების შემუშავება, რამაც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა უნდა გამოიწვიოს.
რომან კაკულიას განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპილოტე პროგრამების განხორციელების პროცესში სისტემატურად გაიმართება შეხვედრები.
„შეხვედრებზე გავცლით ინფორმაციებს, რათა ჩვენც ჩამოგვიყალიბდეს ანალოგიური სისტემური მიდგომის გამოცდილება ამ სფეროში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის წარმატებული გამოცდილების გაზიარება, რომელიც მათ სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობისას დაუგროვდათ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.