„სპორტის სასახლის მიმდებარედ ბინებზე მოთხოვნა შემცირებულია“ - რა მოთხოვნები აქვთ მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენისას

ეზო, ეკოლოგიური გარემო და სახანძრო სისტემა - ეს იმ მოთხოვნების მცირე ჩამონათვალია, რაც თბილისში ბინის შეძენის მსურველებს აქვთ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას უძრავი სააგენტოს ხელმძღვანელები აცხადებენ, პოტენციური მყიდველი ასევე სერიოზულ ყურადღებას აქცევს იმას, მიმდინარეობს თუ არა ახალი მშენებლობა იმ სახლთან, რომლის შეძენასაც ის აპირებს.

როდის არის ბინის შეძენა ხელსაყრელი და რა უნდა გაითვალისწინონ მყიდველებმა? რომელი უბანია პოპულარული და რატომ? „ბიზნესპრესნიუსი“ ამ კითხვებზე სპეციალისტების მოსაზრებას გთავაზობთ.

როგორც პორტალი sakme.ge-ის რედაქტორი ლელა არაბული „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ზაფხულსა და ახალი წლის პერიოდში ბინებზე მოთხოვნა იკლებს.

„ბინების გაყიდვისთვის სეზონი არ არსებობს. თუმცა ზოგიერთ დღეს აქტივობა ნაკლებია. ეს დღეებია - ახალი წლის დღეები, აღდგომის პერიოდი და აგვისტო. დანარჩენ პერიოდში მოთხოვნაზე განსხვავება არ არის. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როცა მოთხოვნა იკლებს, ეს ფასებზე გავლენას არ ახდენს. რაც შეეხება ზოგადად ფასებს, ბოლო პერიოდში ცვლილებები არ შეინიშნება,“ - განაცხადა არაბულმა.

უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ იმ ფაქტორებზე საუბრობს, რომელიც ბინის ყიდვის დროსაა გასათვალისწინებელი. მისი თქმით, თითოეულ მსურველს ინდივიალური მოთხოვნები აქვს, თუმცა ყველაფერი ბიუჯეტის მიხედვით ისაზღვრება.

„ნებისმიერ ბინაში მყიდველი ყურადღებას აქცევს რამდენად მზიანია, არის თუ არა გამავალი ოთახები, რამდენად იზოლირებულია თითოეული ოთახი, ზოგიერთს სტუდიოს ტიპის ბინა უნდა, ასევე რომელ სართულზეა ბინა.

როდესაც ბინას ძველ კორპუსში ყიდულობ, მისი აშენების დროა გასათვალისწინებელი. აღსანიშნავია, რომ ძველ პროექტებზე მოთხოვნა ნაკლებია. ყურადღება უნდა მიექცეს ასევე რამდენად მყარია შენობა.

ახლა წამოვიდა ასეთი ტენდეცია, რომ აინტერესებთ აქვთ თუ არა ეზო, რამდენად დაცულია სახანძრო უსაფრთხოების წესები, მოწესრიგებულია თუ არა სადარბაზო, ლიფტი როგორია. ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც ბინის შეძენის მსურველმა უნდა გაითვალისწინოს,“ - განაცხადა გოგუაძემ.

ბოლო წლებში თბილისში ძალიან ბევრი საცხოვრებელი აშენდა და მშენებლობები კვლავ გრძელდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი შენობები ძალიან ახლოსაა. ნელი გოგუაძის თქმით, ბინის ყიდვის მსურველისთვის მნიშვნელოვანია, მისი შენობის გვერდით სხვა შენობა აღარ აშენდეს. მისივე თქმით, სპორტის სასახლის მიმდებარედ ბინებზე მოთხოვნა შემცირებულია.

„არავის არ უნდა მის კორპუსთან ახლოს სხვა კორპუსი აშენდეს. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია იმიტომაც არის ნაკლებ მოთხოვნადი, რომ შენობები ძალიან ახლოს არის აშენებული. მყიდველი ადგილმდებარეობას და ეკოლოგიას დიდ ყურადღებას აქცევს. თუმცა ზოგიერთს იმდენად მწირი ბიუჯეტი აქვს, რომ ბევრ რაღაცაზე თვალს ხუჭავს,“ - განაცხადა გოგუაძემ.

უძრავი ქონების აგენტის განცხადებით, მოთხოვნადი უბნებია - ვაკე, საბურთალო, ვარკეთილი და გლდანი. როგორც ნელი გოგუაძემ განაცხადა, ვარკეთილში ახალაშენებული ბინების 70 პროცენტი უკვე გაყიდულია. მისი თქმით, გარეუბნების პოპულარულობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - ფასი და ცენტრთან შედარებით ჰაერი ნაკლებ დაბინძურებულია.

ლიკა ამირაშვილი