ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობის დაწყების თარიღი ისევ უცნობია.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ჰუალინგის" პროექტების მენეჯერმა გეორგია გოგიამ განაცხადა, ამ ეტაპზე სასტუმროს პროექტირებაზე მიდის მუშაობა, რომლის დასრულების შემდეგ პროცესი სამშენებლო ეტაპზე გადავა.
„ამ ეტაპზე ქართველი და ჩინელი ინჟინრების სასტუმროს პროექტზე აქტიურად მუშაობენ. თუმცა, როდის დასრულდება პროექტირება, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. იმას გეტყვით, რომ შენობას მთლიანად ჩაუტარდება რეკონსტრუქცია“, - განაცხადა გოგიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 2015 წლის ივნისში 9 მილიონ 450 ათას დოლარად გაიყიდა. "ჰუალინგი’’ ვალდებული იყო 2016 წლის 1-ლი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო გაეშვა ექსპლუატაციაში, თუმცა პროექტის განხორციელებამ დროში გადაიწია. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ სასტუმრო, რომელიც სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას აშენდება „ჰუალინგის“ ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს. წინასწარი პროექტის მიხედვით, შენობა 120 სასტუმრო ნომერზე იქნება გათვლილი. ამ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენელი განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობას არ ასახელებს.