სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისთვის 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პროექტშია ნათქვამი.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაექვემდებარება სესხის გამცემი სუბიექტი, კერძოდ, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.
„აღნიშნული რეგულირების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოხდება სესხის გამცემი სუბიექტების რეგისტრაცია, რისთვისაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი სარეგისტრაციო მოსაკრებელი, როგორც აღნიშნული დადგენილია ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა სუბიექტებისათვის. კანონის არსებული რედაქციით, სესხის გამცემი სუბიექტების სარეგისტრაციო მოსაკრებელი არ არსებობს. შესაბამისად, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სესხის გამცემი სუბიექტისათვის, ისევე როგორც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მოსაკრებლის დაწესების აუცილებლობით,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის თანახმად, სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებლის განაკვეთი 10 000 ლარი იქნება.