საწვავი 2-9 თეთრით გაძვირდა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავი გაძვირდა. კერძოდ, ფასებმა ზოგიერთი ტიპის საწვავზე 2-9 თეთრით მოიმატა.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი „სუპერი“ - 2.58 ლარი ღირს, მაშინ როცა 22 მაისის მდგომარეობით 2.55 ლარი ღირდა; „პრემიუმის“ ფასი - 2.45 ლარია, 22 მაისის მდგომარეობით კი 2.42 ლარი იყო; 3 თეთრით გაძვირდა და 2.33 ლარი გახდა 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი; ასევე 3-3 თეთრით გაძვირდა „ევრო დიზელი“ და დიზელი და დღეის მდგომარეობით, მათი ფასი შესაბამისად, 2.45 და 2.33 ლარია.

22 მაისის შემდეგ ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი შეიცვალა "გალფის" სადგურებზეც. კერძოდ, 4 თეთრით მოიმატა „ევრო დიზელის“ ფასმა და მისი ყიდვა – 2.49 ლარად არის შესაძლებელი; დიზელი კი 5 თეთრით გაძვირდა და დღეის მდგომარეობით, 2.44 ლარი ღირს. „სუპერის“, „G-Force პრემიუმის“, „G-Force ევრო რეგულარისა“ და „რეგულარის ფასი“ კი არ შეცვლილა. კერძოდ, „სუპერის“ ტიპის საწვავის ფასი დღეს 2.55 ლარია, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმი“ 2.37 ლარი; „G-Force ევრო რეგულარი“ 2.30; 1 ლიტრი „რეგულარი“ კი 2.25 ლარი ღირს.

რაც შეეხება სხვა ავტოგასამართ სადგურებს, „ლუკოილის“ სადგურებზე „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი 2.50 ლარი ღირს, მაშინ როცა 22 მაისის მდგომარეობით, მისი ფასი 2.44 ლარი იყო, 9 თეთრით გაძვირდა „პრემიუმ ავანგარდი“ და 2.33 ლარი ღირს, 6 თეთრით მოიმატა „ევრო რეგულარის“ ფასმა და 2.20 ლარი გახდა; „ევრო დიზელის“ ფასი კი 2.28 ლარიდან 2.30 ლარამდე გაიზარდა.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე „ეკოპრემიუმის“ ღირებულება 3 თეთრით გაიზარდა და 2.47 ლარი ღირს; ასევე 3 თეთრით არის გაძვირებული 1 ლიტრი „ევრო რეგულარის“ ფასი და 2.38 ლარი ღირს; „დიზელ ენერჯის“ ფასი კი - 2.35 ლარიდან 2.38 ლარამდე არის მომატებული. რაც შეეხება, ეკო „სუპერისა“ და „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავს, მათი ფასი არ შეცვლილა და შესაბამისად, 2.59 და 2.46 ლარი ღირს.

„რომპეტროლის“ სადგურებზე კი „ევრო პრემიუმის“ ფასი - 2.43 ლარიდან 2.46 ლარამდეა გაზრდილი; ასევე 3 თეთრით გაძვირდა „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი და 2.38 ლარი ღირს; ამასთან, „efix ევრო დიზელი“ დღეის მდგომარეობით, 2.45 ლარი ღირს, მაშინ როცა 22 მაისის მდგომარეობით, 2.37 ლარი იყო; ხოლო 1 ლიტრი „ევრო დიზელი" 3 თეთრით გაძვირდა და 2.38 ლარი ღირს; „სუპერის“ ღირებულება კი უცვლელია და მისი ფასი კვლავ 2.60 ლარია.