„საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო ორმა წევრმა დატოვა. კერძოდ, სააქციო საზოგადოების აქციონერის სს „ბიჯეო ჯგუფის“ წარმომადგენლის ირაკლი გილაურის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა საბჭოს ორი წევრის - კიმ ბრედლისა და დევიდ მორისონის გადადგომა.
ამასთან, ბანკის აქციონერის „ბიჯეო ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, 2017 წლის მოგებიდან დივიდენდებს ჩვეულებრივ აქციებზე 120 მლნ ლარის ოდენობის დივიდენდს გასცემს. კერძოდ, სს „საქართველოს ბანკის“ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე 4.31 ლარის ოდენობის დივიდენდი დაირიცხება.
დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 14 ივნისი, 18:00 საათის მდგომარეობით. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად კი 2018 წლის 2 ივლისია განსაზღვრული.
ამასთან, როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, „ბიჯეო ჯგუფი“ „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად ხმების 75%-ზე მეტს ფლობს და შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებები აქციონერთა საერთო კრების ტოლფასია და კრების გადაწყვეტილებად ითვლება.