კონკურენციის სააგენტომ, „დიზაინ ჰაუსის“ საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა დაადასტურა.
„კონკურენციის სააგენტომ, მოკვლევის ფარგლებში მიღებული მასალებისა და ინფორმაციების დამუშავების საფუძველზე, შპს „დნას“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11³ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი დაადასტურა, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ზე შპს „დიზაინ ჰაუსის“ რეპუტაციისა და ინტერესის შემლახველი ცნობების გავრცელებაში გამოიხატება,“-აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ზემოთ აღნიშნული მუხლი, ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტის რეპუტაციის შელახვას (საწარმოზე, პროდუქციაზე, სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობაზე არასწორი შეხედულების შექმნა), მის უსაფუძვლო კრიტიკას ან დისკრედიტაციას გულისხმობს.
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შპს „დნას“ დაევალა - დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდიდან იდენტური/მსგავსი პოსტის/პოსტების წაშლა, რომელიც მომხმარებელს შპს „დიზაინ ჰაუსის“ შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდის.
ამასთან, როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მოკვლევას საფუძვლად 2017 წლის პირველ დეკემბერს, შპს „დიზაინ ჰაუსის“ მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაედო.