არ უნდა გვქონდეს კითხვის ნიშნები, რომ საბანკო სექტორი ემსახურება საბანკო სექტორს და რეალური ეკონომიკა მუშაობს რეალურ ეკონომიკაზე , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბანკო ჰოლდინგებთან დაკავშირებით, არაპროფილური აქტივების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
ქუმსიშვილის თქმით, უკვე განხორციელებული ცვლილებები ეფექტურია, თუმცა საჭიროა მეტი კონკრეტიკა.
"ბოლო პაკეტში, რომელიც 2017 წელს გავიტანეთ და მიღებული იქნა, გავწერეთ საკმაოდ კარგი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც საბანკო სექტორში დასაქმებულ ან კონტროლის განმახორციელებელ პირს, რომელსაც აქვს წვდომა გარკვეულ ინფორმაციაზე, არ შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკის რეალურ სექტორში ეს ბიზნესი. თუმცა, ახლა ვფიქრობთ კიდევ უფრო მეტ დაკონკრეტებაზე, იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ არ გვქონდეს კითხვის ნიშნები, რომ საბანკო სექტორი ემსახურება საბანკო სექტორს, ხოლო რეალური ეკონომიკა მუშაობს რეალურ ეკონომიკაზე. იქ არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტი, არ უნდა არსებობდეს გადაფარვები და შესაბამისად, ყველამ აკეთოს თავისი საქმე. კონკრეტიკა მოიცავს იმას, რომ დაკონკრეტებული უნდა იყოს თუ რას ნიშნავს კონტროლის მქონე პირი, როგორც საბანკო ჰილდინგებში, ისე რეალურ სექტორში, შემდგომ უკვე ვის რა უფლებები აქვს და ვინ როგორ უნდა იმოქმედოს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ცვლილებების დრაფტი უკვე არსებობს, თუმცა ჯერ განხილვები უნდა დაიწყოს, მათ შორის პირველ რიგში მთავრობაში.