პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ბიზნესსექტორში ბრუნვის ზრდა, პირველ რიგში, პოზიტიურად აისახა დასაქმებაზე - 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.3%-ით, მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.7%-ით გაიზარდა.
„მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის თვალსაზრისითაც - 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 8.0%-ით არის გაზრდილი და 1106.4 ლარს შეადგენს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია ყველა სექტორში. „ბიზნესსექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 16.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 57.8%,), დამამუშავებელი მრეწველობის (16.7%,) და მშენებლობის (14.8%) სექტორებმა შეიტანეს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ეკონომიკის ყველა სექტორში შეინიშნება გამოშვების ზრდაც - ამ მიმართულებით აღსანიშნავია დამამუშავებელი მრეწველობა (ზრდა 18.0%), მშენებლობა (ზრდა 18.0%), ვაჭრობა (ზრდა 8.2%) და ენერგეტიკა (ზრდა 34.8%). აქვე აღსანიშნავია გამოშვების მაღალი ზრდა ხელოვნების, გართობისა და დასვენების (ზრდა 39.1%), ასევე სასტუმროებისა რესტორნების სექტორებში (ზრდა 25.8%).
ბიზნესსექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 5.1%), მშენებლობის (ზრდა 7.5%), დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 3.7%), ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 5.4%) სექტორები.