რძის პროდუქტების ფასებმა მაისში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის ზრდა განაპირობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ FAO-დან აცნობეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სასურსათო საქონლის გლობალურმა ფასებმა მაისში მოიმატა, რაც რძის პროდუქტებზე ფასების ნახტომისებურმა ზრდამ განაპირობა. FAO-ს ფასების ინდექსმა მაისში 176.2 ქულა შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 1.2%-ით აღემატება.
„სურსათის ფასების ინდექსი ძირითადად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს. მაისში ინდექსზე მარცვლოვანებისა და რძის პროდუქტების ზრდამ იმოქმედა, რაც შაქარზე და მცენარეულ ზეთზე ფასების შემცირებამ ვერ დააკომპენსირა. რძის პროდუქტების ფასების ინდექსი მაისში წინა თვესთან შედარებით 5.5%-ით გაიზარდა და გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს 11.5%-ით გადააჭარბა. ახალი ზელანდიიდან მიწოდების შეფერხება ზრდის მთავარი ფაქტორი იყო. მარცვლეულის ფასები: აპრილის თვესთან შედარებით 2.4 %-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის იანვრის შემდეგ. ხორბლის ფასების ზრდა ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში წარმოების უარყოფითმა მოლოდინებმა განაპირობა. ამავე დროს, სამხრეთ აფრიკაში მოსავლიანობის პროგნოზის გაუარსებამ საფურაჟე მარცვლეულის ფასების ზრდას შეუწყო ხელი. ბრინჯის გლობალური ფასები ასევე სტაბილურად მზარდი იყო, რაზეც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მაღალი მოთხოვნა ზემოქმედებდა. მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი 2.6%-ით შემცირდა. ვარდნა შეეხო პალმის, სოიოს და მსეზუმზირის ზეთის ფასებსაც, რაც ძირითადად გლობალური მარაგების მაღალი მაჩვენებლებით იყო გამოწვეული. ხორცის ფასების ინდექსი უმნიშვნელოდ დაეცა, ხოლო შაქრის გლობალური ფასები უკვე მეექვსე თვეა მცირდება. მაისში შაქრის ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით შემცირდა, რაც ბრაზილიაში, შაქრის უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანაში, მაღალი მოსავლიანობის მოლოდინებს უკავშირდება“, - აცხადებენ FAO-ში.