აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ლვოვიდან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, სტუმრები აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან.
მათივე ცნობით, დღეს სტუმრებს სასტუმრო „რედისონში“ რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრის შემდეგ ისინი მთიან აჭარას ეწვევიან და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ლვოველი ტუროპერტორებისა და სააგენტოების ვიზიტი ლვოვი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას უკავშირდება. ინფო-ტურის მიზანი ლვოვიდან აჭარაში ტურისტების მოზიდვა და ბათუმის მიმართულებით სპეციალური ტურისტული პაკეტების შემუშავებაა. პირველი ფრენა ლვოვიდან აჭარის მიმართულებით ხვალ შესრულდება. ფრენები ზაფხულის განმავლობაში ყოველკვირეულად სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.
„აჭარაში და ზოგადად, საქართველოში უკრაინელი მოგზაურების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს, აჭარას 38, 467 უკრაინელი მოგზაური, ხოლო ზოგადად, საქართველოს 193, 127 უკრაინელი მოგზაური სტუმრობდა, რაც 10.4%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. მზარდია ავიამიმოსვლების რიცხვიც უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით. წელს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კიევიდან, ლვოვიდან, ხარკოვიდან და ზაპაროჟიედან განხორციელდება,“ - ნათქვამია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.