უცხოელი ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი შესაძლოა, შეიცვალოს

უცხოელი ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი შესაძლოა, შეიცვალოს.

ამის შესახებ, ცვლილებების შეტანა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, დეპუტატებს გოჩა ენუქიძესა და ივლიანე წულაიას ეკუთვნის.

კერძოდ, თუ მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემას პირისათვის არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე (საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა) ან საქართველოს ტეროიტორიაზე იმ უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ცვლილებების თანახმად, ნებართვა გაიცემა პირზე - არანაკლებ 300 000 დოლარის ინვესტიციის საფუძველზე ან საქართველოში იმ უძრავი ოქნების საკუთრების შემთხვევაში, რომლის ღირებულებაც აღემატება 100 000 ამერიკულ დოლარს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, ინვესტორზე თავიდანვე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა. პროექტი გულისხმობს, რომ მუდმივ ბინადრობამდე ინვესტორმა ჯერ 5 წლის ვადით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მიიღოს.

„აღნიშნული ვადა წარმოადგენს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ინვესტორმა უნდა დაამტკიცოს მისი ეკონომიკური საქმიანობის განზრახვის ნამდვილობა, რათა მიიღოს მუდმივი ცხოვრების უფლება. შესაბამისად, თუკი 5 წლის განმავლობაში ინვესტორს საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობით ბრუნვა უდასტურდება, ამ 5 წლიანი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ ინვესტორს შესაძლებლობა ექნება, ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღოს,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის შესანარჩუნებლად თანხობრივი ცენზის ანუ ყოველწლიურად საწარმოს არანაკლებ 120 ათას დოლარიანი (ეკვივალენტი ლარში) ბრუნვის დაწესება, უზრუნველყოფს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემას იმ ინვესტორებზე, რომელთა მთავარი მოტივაციაც არის საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა და არა ერთჯერადად განხორციელებული ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მოპოვება.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, პირისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა 300 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ინვესტიციის საფუძველზე მოხდება. მაშინ როცა, მოქმედი რედაქციით, ნებართვა 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე გაიცემოდა.

„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით გაიზრდება აგრეთვე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და D5 კატეგორიის ვიზის მისაღებად დაწესებული ქონების საბაზრო ღირებულების მინიმალური ზღვარი - იგი უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, რაც, ერთი მხრივ, იქნება პრევენციის ღონისძიების მატარებელი, თავიდან იქნება აცილებული არასასურველი მიგრაცია, მეორე მხრივ, კი გაიზრდება უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა, რაც ხელს შეუწყობს მაღალი ღირებულების უძრავი ქონების გაყიდვებს,“-ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.