23-26 ოქტომბერს თბილისი ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმ Welcome Challenge-ს უმასპინძლებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფორუმთან დაკავშირებით სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, „სი ბი სი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ და „სი ბი სი ჯორჯიას“ დირექტორმა გელა ენდრიუ სულიმ.
Welcome Challenge-ის მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმი და ინვესტორ-სტარტაპების დამაკავშირებელი ღონისძიებაა. თბილისში ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება. ფორუმი დარგის საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპებს, ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ფორუმის საქართვლოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„საქართველოსთვის ტურიზმი გამორჩეული სექტორია და ამ ღონისძიების მასპინძლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ეს არის დასაქმების და შემოსავლების გენერაციის დიდი წყარო, შესაბამისად, კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე საქართველო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, გამოჩნდეს. როგორც წესი, ასეთ ღონისძიებებზე ჩამოდიან ძალიან დიდი და ცნობილი ბრენდების ხელმძღვანელები და უყურებენ, თუ რა იდეა დაგენერირდა წლის განმავლობაში, რომელსაც შეუძლია გაზარდოს, ერთი მხრივ, ეფექტურობა, მეორე მხრივ, შეამციროს ხარჯები და მოიზიდოს მეტი ტურისტი თუ დამსვენებელი სხვადასხვა მიმართულებით, ინოვაციების სპექტრი კი ძალიან ფართოა“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.