ფილარმონიასთან Hilton -ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა ივლისში დაიწყება (+ფოტო)

მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიის გვერდით Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა ივლისში დაიწყება.

როგორც კომპანია PP-ის დამფუძნებელი ლაურა ღაჭავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ თებერვალში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მერიის არქიტექტურის სამსახურმა გარკვეული საკითხების ხელახლა გავლა ითხოვა, რის გამოც დროში გაჭიანურდა.

bpn

ამასთან, ლაურა ღაჭავა აღნიშნავს, რომ მერიის შენიშნვნები კონკრეტულად სახანძრო სისტემის გაძლიერებას ეხებოდა, რაც სავარაუდოდ, 2 კვირაში მოგვარდება და სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება. მისი დასრულება კი 2019 წელს იგეგმება.

როგორც ლაურა ღაჭავა აცხადებს, სასტუმრო საშუალო ფენაზე იქნება გათვლილი. ის სამვარსკვლავიანი, შვიდსართულიანი და 100 ნომრიანი იქნება.

bpn

რაც შეეხება ინვესტიციას, სასტუმროს ასაშენებლად 10-დან 15 მილიონამდე დოლარი დაიხარჯება.

„პროექტთან დაკავშირებით იყო შეფერხებები. მერის არქიტექტურის სამსახურმა სახანძრო სისტემის გაძლიერება მოითხოვა. თვითნ Hilton-ს კი ჰქონდა ეს საკითხი მოგვარებული, მაგრამ მერიას უნდა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ. Hilton-იდანაც რეკავენ, მათაც უნდათ დაჩქარება, შეიძლება უახლოეს ხანებში ჩამოვიდნენ კიდეც. ამიტომ, ვფიქრობ, დაახლოებით 2 კვირაში ყველა საკითხი მოგვარდება და დავიწყებთ მშენებელობას“,-აღნიშნავს ლაურა ღაჭავა.

მერიის არქიტექტურის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მათი მხიდან მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს, ნებართვა გაცემულია და თავად კომპანიაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყებს მშენებლობას.

აქვე შეგახსენებთ, რომ Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა.

ნინი ქეთელაური 

bpn