ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს.
საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა პოზიტიური შედეგებით დასრულდა.
„ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს. რამდენიმე კვირაში გამოვაცხადებთ, რომ კვლევა ოფიციალურად დასრულებულია და წლის ბოლომდე შესაძლოა, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება დავაანონსოთ. ინდოეთი იქნება კიდევ ერთი სავაჭრო სივრცე, რომელიც ქართველ მწარმოებლებს ბაზრების დივერსიფიცირების საშუალებას მისცემთ“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მისი განმარტებით, ინდოეთის ბაზარი სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოსთვის დახურულია. თუმცა, გენადი არველაძის თქმით, თუ მოლაპარაკებები დაიწყება, ქართული მხარის მნიშვნელოვანი ინტერესი სწორედ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემცირება და განულება იქნება.
„ინდოეთში ძირითადად მაღალი ტარიფები ნარჩუნდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, ეს არის ძალიან სენსიტიური ბაზარი. ჩვენი ინტერესია, თუ მოლაპარაკება დაიწყება, ჩვენთვის მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ტარიფების განულება ან შემცირება მოხდეს. რაც შეეხება სამრეწველო პროდუციას, ამ კუთხით ინდოეთში ძალიან დიდი მოთხოვნაა და შესაბამისად, აღნიშნულ საექსპორტო პროდუქტზეც იქნება შეღავათები,“- განაცხადა გენადი არველაძემ.
ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარი კვლევა გასული წლის აპრილში დაიწყო. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ქართულ პროდუქციას დამატებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, 1.3 მილიარდიანი ბაზარი გაეხსნება.
ქრისტინე გამთენაძე