იანვარ-მარტში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 0.3 მილიონი ტონით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.3 მილიონი ტონით შემცირდა.

კერძოდ, 2018 წლის იანვარ-მარტში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 8.4 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის მონაცემით, 8.7 მილიონი ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 2.3 მილიონი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 82.3 მილიონი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2017 წლის იანვარ-მარტში კი ეს ციფრი 80 მილიონი იყო.

2018 წლის იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 4.3 მილიონი ტონიდან 3.8 მილიონ ტონამდე შემცირდა.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 11,464 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 99,674 კონტეინერი, 2017 წლის ამავე პერიოდში კი 88,210 კონტეინერი გადამუშავდა.