რა პოტენციალი აქვს ქართულ პროდუქციას EFTA-ს წევრ ქვეყნებში - „ეს შეთანხმება ქართულ კომპანიებს ბაზრის დივერსიფიკაციისთვის დიდ შესაძლებლობას აძლევს“

შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ქართველ მეწარმეებს პროდუქტის დიდი ნაწილის სატარიფო ბარიერების გარეშე ექსპორტის შესაძლებლობა აქვთ.

საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უკვე ერთი თვეა, რაც სრულად ამოქმედდა.

საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებული წინასწარი მოკვლევით, EFTA-ს წევრ ქვეყნებში ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის ბიო პროდუქტს, ღვინოსა და სხვა ალკოჰოლუირ სასმელებს, ასევე ჩირსა და კენკროვან ხილს.

„საქართველოსა და EFTA-ს წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა დღევანდელი მონაცემებით 140 მილიონ დოლარს შეადგენს. ექსპორტზე გადის ძირითადად ოქრო, თხილი და მცირე რაოდენობით წყალი. იმპორტი ხდება შოკოლადის, ფარმაცევტული პროდუქტების და საათების. ძირითადად სავაჭრო მიმოსვლა გვაქვს შვეიცარიასთან. ჩვენ წინა კვირას ვიყავით ბერნში, სადაც ღვინის ერთ-ერთმა კომპანიამ მიიღო შემოთავაზება, რომ განულებული ტარიფებით გავიდეს ექსპორტზე. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც EFTA-ს ქვეყნებში, სატარიფო პოლიტიკის სრულად ამოქმედების შემდეგ ქართული კომპანია გაიტანს პროდუქტს, -აღნიშნა საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ნონა მამულაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, EFTA-ს წევრ ქვეყნებთან ინდუსტრიულ პროდუქტეზე საექსპორტო ტარიფები სრულად განულდა. გენადი არველაძის თქმით, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელსაც საქართველო აწარმოებს, ნულოვანი ტარიფით შევა თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ყველა წევრ სახელმწიფოში.

„ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი, ტექსტილი, ხილ-ბოსტნეული, კაბელები, ნებისმიერი იმ პროდუქციის ინტერესი დავიცავით, რომელიც საქართველოში იწარმოება და შესაბამისად, ყველა ეს პროდუქტი ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებში შევა განულებული ტარიფებით,“- განაცხადა გენადი არველაძემ.

ქართული კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ახალი შესაძლებლობა მათ ბაზრის დივერსიფიცირების მნიშვნელოვან შანსს აძლევს.

ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ 2008 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები ძალიან საინტერესოა მათთვის და როგორც კი წარმოებული პროდუქციის რაოდენობა გაიზრდება, ექსპორტის განხორციელება იგეგმება.

„შატო მუხრანის“ წარმოამდგენლის განცხადებით, მაღალმსყიდველუნარიანობა ის უპირატესობაა, რითაც ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები გამოირჩევა.

„ვიწყებთ თანამშრომლობას ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან. იმედი გვაქვს, რომ ქართული ღვინო მალე დაიმკვიდრებს თავის ადგილს EFTA-ს წევრ სახელმწიფოებში. ეს შეთანხმება ქართულ კომპანიებს ბაზრის დივერსიფიკაციისთვის დიდ შესაძლებლობას აძლევს“, -აღნიშნა ელენე თოთიბაძემ.

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2016 წლის 27 ივნისს გაფორმდა. შეთანხმება სრულად მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა.

ქრისტინე გამთენაძე