საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არტუა პიკარდის წყლის სააგენტოს (საფრანგეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და არტუა-პიკარდის წყლის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ბერტრანდ გალტიემ მოაწერეს.
მათივე ცნობით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები მიზნად ისახავენ ორ ქვეყანას შორის ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას საკუთარი გამოცდილების სფეროში, რომელიც მოიცავს წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვას, მონაცემთა შეგროვებასა და ცოდნის გაღრმავებას წყლის გამოყენების მიმართულებით.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვის სფეროში მხარეები გამოხატავენ მზაობას, სამი წლის ვადით დაიწყონ თანამშრომლობა, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
„დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელს ვაწერთ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას საფრანგეთის წყლის სააგენტოსთან, რაც დაგვეხმარება იმ საკანონმდებლო საკითხების უკეთ გაცნობაში, რომლის უდიდესი გამოცდილება გააჩნია საფრანგეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს და რომლის გათვალისწინებაც მოხდება ჩვენს კანონმდებლობაში“,- განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს ფრანგმა სტუმრებმა საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს, მიმოიხილეს საფრანგეთის წყლის პოლიტიკა და ევროკავშირის წყლის დირექტივების ინტეგრაცია.
მინისტრის მოადგილემ ჰიდროენერგიისა და კაშხლის მდგრადი განვითარების შესახებ ისაუბრა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის პროგრამის (UEP), აზიის განვითარების ბანკისა (ADB), საქართველოს განახლებადი ენერგეტიკული კომპანიისა და სხვა დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.