ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა, რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე, სესხის გაცემა ეკრძალებათ, გავლენა ავტობიზნესზეც მოახდინა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მსხვილი ავტოიმპორტიორები აცხადებენ, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც მყიდველს სესხი არ მისცეს და მან მანქანა ლიზინგით გაიყვანა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს სესხების გაცემა შეეზღუდათ. ეს იმას გულისხმობს, რომ თვითდასაქმებულებს - ძიძებს, რეპეტიტორებს, ტაქსის მძღოლებს, პროფილაქტიკის ხელოსნებს, რომელთა შემოსავალიც ოფიციალურად არ ფიქსირდება, სესხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა სჭირდებათ. „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ ამან გარკვეული ნეგატიური გავლენა ბიზნესებზე უკვე მოახდინა. შეუმცირდათ გაყიდვები დეველოპერებს და ტექნიკის მაღაზიებს.
ახალი რეგულაციებმა გავლენა უკვე მოახდინა ავტობიზნესზეც. როგორც საქართველოს Mercedes-ის წარმომადგენლობის „აკა მერსედესის“ გაყიდვების მენეჯერმა სალომე გაბელიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პირველ ეტაპზე ამ კანონს გაყიდვებზე სერიოზულად არ უმოქმედია.
„იმ მომხმარებელს, რომელიც თავისი შემოსავლებს ვერ ადასტურებს და სესხს ვერ იღებს, შეუძლია ავტომობილი ლიზინგით გაყვანოს. მცირე პრობლემები შექმნა სესხის დამტკიცების პროცედურამ, ზოგიერთ მომხმარებელს სურს, რომ განვადება სწრაფად დაუმტკიცდეს, ახალი კანონით კი ეს პროცედურა დროში ჭიანურდება. როდესაც ბანკი შემოსავლების დადასტურებას ითხოვს, ჩვენ გვიწევს ფინანურის განხილვა, ამას დღენახევარი მაინც სჭირდება. აქამდე კი 15-20 წუთი სჭირდებოდა.
ზოგადად, ეს წესი ძირითადად იმ სეგმენტზე მოქმედებს, ვისაც ფინანსები ბანკში არ უდასტურდება. რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როცა სესხი არ დაუმტკიცდათ და მათ ლიზინგი გააკეთეს. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ რეგულაციები მომავალში ლიზინგსაც შეეხოს და წესები სალიზინგო კომპანიებსაც გაუმკაცრონ“, - აღნიშნა გაბელიამ.
ამასთან, გაბელაიას თქმით, „აკა-მერსედესში“ ავტომანანების ფასი დაახლოებით 30-70 ათასი ევრო ღირს, ავტომანქანების 70% კი განვადებით იყიდება.
ავტომობილების არა, მაგრამ მანქანების ნაწილებზე ბანკების მიერ დამტკიცებული განვადებების წილი შეუმცირდა „თეგეტა მოტორსს“. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „ახალ რეგულაციებს ავტომობილების გაყიდვაზე არ უმოქმედია, რადგან ავტომობილების ღირებულება მაღალია და შემოსავალი თუ არ უდასტურდება ადამიანს, ვერ იყიდის. რაც შეეხება წვრილ განვადებებს, ვგულისხმობ მანქანის ნაწილებს, მაისში ეს რაოდენობა 22 % -დან 16 %-მდე შემცირდა.
„ახალი რეგულაციებიდან ჯერ ერთი თვე გავიდა, ამიტომ ზუსტად ვერ ვიტყვით, რა გავლენა მოახდინა მან ჩვენს ბაზარზე. დაველოდებით მომავალ თვეებს“, - აღნიშნა მშვილდაძემ.
ლიკა ამირაშვილი