თანამედროვე ბიზნესში ციფრული რეკლამის ხუთი ეფექტური ხერხი არსებობს, რომლების მეშვეობითაც, საკუთარი საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობის საშუალება გეძლევათ.
გამოცემა Forbes-ი წერს, რომ ამჟამად მსოფლიოში სარეკლამო ინდუსტრიის დაახლოებით 41 პროცენტი, ციფრულ რეკლამაზე მოდის. ეს კი ნიშნავს, რომ ინტერნეტის გამოყენებით, ბევრის მიღწევაა შესაძლებელი.
რეკლამის ხუთი ყველაზე ეფექტური საშუალება
ვიდეო
ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ასეთი რეკლამის მნახველთა დაახლოებით ნახევარი, რგოლს ბოლომდე უყურებს. აუცილებელია მაქსიმალური ინფორმაციის მინიმალურ ქრონომეტრაჟში ჩატევა. ეფექტურია ისეთ გამოსახულებათა გამოყენება, რომლებიც მეხსიერებაში დიდხანს დარჩება. ყველაზე საინტერესო კონტენტი დასაწყისში უნდა მოთავსდეს. კარგად მოფიქრებული ვიდეო რეკლამა მეხსიერებაში დიდხანს რჩება. ვიდეო რეკლამა შეიძლება იყოს ერთგვარი ხუთწამიანი ტიზერი, ან ნახევარსაათიანი ფილმიც კი. მთავარია, მასში მთავარი ინფორმაცია ოპტიმალურად განაწილდეს.
კარუსელი
ეს ეგრეთ წოდებული კარუსელი, სარეკლამო გალერეაა, რომელიც რამდენიმე ფოტოსურათს მოიცავს. ისინი სარეკლამო თემაზეა. საწყისია სახელწოდება, შემდეგ ობიექტის ფოტო, მოკლე აღწერა, ფასი და დასასრული. ასეთი კარუსელი მინიატურულ ინტერნეტ მაღაზიას ჰგავს. მისი მეშვეობით, საქონლის/მომსახურების, ნებისმიერი შეთავაზების სრული ასორტიმენტის წარდგენა შეიძლება.
ეს მეთოდი იმითაც არის საინტერესო, რომ ჩვეულებრივი ბანერის ადგილს იკავებს, თუმცა გაცილებით მეტ ინფორმაციას იძლევა. შესაბამისად, ასეთ რეკლამაზე გაწეული დანახარჯები მცირეა, რადგან ის მრავალფეროვან ინფორმაციას იძლევა და არა - ერთს, როგორც ბანერის შემთხვევაში.
ლიდოგენერაცია
ეს მეთოდი, პოტენციური კლიენტების საკონტაქტო მონაცემების შეგროვებას ითვალისწინებს. ამ კონტაქტებზე მათ თქვენი ბიზნესის შესახებ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას აწვდით, პერიოდულად კი დღესასწაულებს ულოცავთ და ცდილობთ, მხედველობის არეში დარჩეთ. მიწოდებული ინფორმაციით მას აცნობთ თქვენს შეთავაზებებს, უღვიძებთ მათდამი ინტერესს და სხვა.
რეკლამა ბლოგერებთან
შეგიძლიათ რეკლამა შეუკვეთოთ ვიდეობლოგერს, ან მწერალ ბლოგერს. ასეთ რეკლამას საუკეთესო ეფექტის გამოწვევაც შეუძლია, ან შეიძლება საერთოდ არ გაამართლოს. ეს უკვე ბლოგერზეა დამოკიდებული და მის სწორად შერჩევაზე. უნდა შეარჩიოთ ბლოგერი, რომელიც თქვენს მიზნობრივ აუდიტორიასთან მუშაობს. რა თქმა უნდა, მას უნდა შეეძლოს სარეკლამო თემის გაშლა და აუდტორიისთვის კომფორტულად და საინტერესოდ მიწოდება.
კონტექსტური რეკლამა
ესაა რეკლამა ძებნის სისტემაში. ასეთი რეკლამის გამოყენებისას, პოტენციური კლიენტი, როცა ეძებს მისთვის სასურველ ინფორმაციას, იმავე კონტექსტის სხვა ინფორმაციებსაც, მათ შორის, თქვენს რეკლამასაც შეიძლება გადააწყდეს. ამ დროს დიდია იმის ალბათობა, რომ რეკლამა თავის მიზანს მიაღწევს და კლიენტს მოგიყვანთ. ასეთი რეკლამის გამოყენებისას აუცილებელია საკვანძო სიტყვების კარგად შერჩევა.