ჩინეთში მოთხოვნის კლების და ამერიკაში მოპოვების ზრდის კვალობაზე, ნავთობის ფასმა შემცირება დაიწყო.
პარალელურად, ფასის უფრო მკვეთრ კლებას ხელს უშლის ის გარემოება, რომ ვენესუელადან ბაზარზე მიწოდება შეფერხებულია, ირანს კი ახალი სანქციები ელის, რის გამოც, მის ნავთობს საერთაშორისო ბაზრისკენ გზა მოეჭრება.
შუადღისას მარკა ბრენტის ერთი ბარელის ფასი 76.60 დოლარი ღირდა, რაც წინ სავაჭრო სესიის დახურვის ფასზე 72 ცენტით და 0.9 პროცენტით ნაკლებია. აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ერთი ბარელი კი 39 ცენტით, ანუ 0.6 პროცენტით, 65.56 დოლარამდე შემცირდა.
ჩინეთში მაისში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა. არადა, ერთი თვით ადრე რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ამის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფო მფლობელობაში არსებული გადასამუშავებელი საწარმოები, გეგმიურ რემონტზეა გაჩერებული.
მაისში ჩინურ ბაზარზე ყოველდღიური მიწოდება 39.05 მილიონი ტონა, ანუ 9.2 მილიონი ბარელი იყო. შედარებისთვის, აპრილში ყოველდღიური მიწოდება 9.6 მილიონ ბარელს აღწევდა.
ჩინეთში მიწოდების კლების პარალელურად, ამერიკაში მოპოვება კვლავ მატულობს. იქ დღეში მოპოვებული ნავთობის მოცულობა 10.8 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო ორ წელიწადში ამერიკაში მოპოვება სულ 28 პროცენტით არის გაზრდილი. შეერთებული შტატები ამჟამად მოპოვების მხრივ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ, რომლის დღიური მოპოვება 11 მილიონ ბარელს აღწევს.
ამერიკაში მოპოვების ზრდის პარალელურად, WTI-ს და ბრენტის ფასებს შორის სხვაობა 11 დოლარამდე გაიზარდა. ეს კი 2015 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი სხვაობაა. დღევანდელი კლების მიუხედავად, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი, წლის დასაწყისის ფასთან შედარებით, 15 პროცენტით არის გაზრდილი.
ვენესუელას სახელმწიფო ნავთობ კომპანია PDVSA-ს 24 მილიონი ბარელის მარაგი დაუგროვდა, რადგან ტანკერებში მისი ჩატვირთვა და კლიენტებისთვის გაგზავნა ვერ ხერხდება.
ცნობისათვის, OPEC და მისი არაწევრი ნავთობექსპორტიორი ქვეყნები 22/23 ივნისს შეიკრიბებიან, რათა ნავთობის ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის შეთანხმების გაგრძელების საკითხი განიხილონ.
დღესვე ირანმა (OPEC-ის მესამე უდიდესი წევრი მომპოვებელი) გააკრიტიკა აშშ იმის გამო, რომ საუდის არაბეთს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდა.