„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი თბილისის მერისადმი რეკომენდაციების პაკეტში ერთ-ერთ პრიორიტეტად ტროტუარების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასახელებს.
„მენაშენეთა ასოციაციის“ ცნობით, ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ აუცილებელია თბილისში ტროტუარებისა და გზებზე გადასასვლელების კომპლექსური რეკონსტრუქცია ისე, რომ ქვეითებმა შეუფერხებლად და კომფორტულად შეძლონ დიდი მანძილის გავლა.
ირაკლი როსტომაშვილი ტროტუარების მოწესრიგება/განვითარებას დედაქალაქის მერის ახალი პროგრამის – „თბილისის ღამის ეკონომიკის“ კონტექსტშიც განიხილავს. მისი აზრით, ტროტუარები ბევრად კომფორტული უნდა გახდეს და, თავისუფლად გადაადგილების გარდა, დასასვენებელი მიკროზონებიც უნდა მოეწყოს.
„ფართო, უწყვეტი და კომფორტული ტროტუარები პრიორიტეტი უნდა გახდეს – ტროტუარი აჩენს ეკონომიკას. ის ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს. ტროტუარი და ქვეითი უპირობო პრიორიტეტულობით უნდა სარგებლობდეს მანქანებთან და მძღოლებთან მიმართებაში. ყველა შესაძლო ადგილზე უნდა განთავსდეს სკამები, რათა უბნებსა და ქუჩებზე, სადაც არ არსებობს სკვერი, მოქალაქეებმა სეირნობა და დასვენება კომფორტულ გარემოში შეძლონ“, – აცხადებს როსტომაშვილი.
მისივე თქმით, მეტი მოქალაქე ქუჩაში“ ნიშნავს მეტი ფულის ხარჯვას. სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ფულის ბრუნვის გაზრდა თბილისის მეორე ცვლის ეკონომიკის („ღამის ეკონომიკის“) განვითარების წინაპირობაა. ასოციაციის განცხადებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ გამგებლებს უბნებში ისეთი ლოკაციების იდენტიფიცირება დაავალა, სადაც ქვეითთა დამატებითი გადასასვლელების მოსაწყობად შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება და საგზაო ნიშნები განთავსდება. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში უკვე გამოვლენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს და გადასასვლელები დაიხაზოს.
„მენაშენეთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა ავტოსაცობებით გადატვირთული თბილისის ქუჩების განმუხტვის კომპლექსური გეგმა, რომლის თანახმადაც, ქვეითს უპირობო პრიორიტეტი ენიჭება დედაქალაქის ნებისმიერ ქუჩაზე. მენაშენეებმა თავიანთი პროგრამის პუნქტები თბილისის მერის კახა კალაძის პროგრამის „შენი იდეა მერს“ ფარგლებში წარმოადგინეს.
„მენაშენეთა ასოციაციის“ წევრების აზრით, გზებისა და ესტაკადების მშენებლობა ვერ გადაჭრის პრობლემას და მოსაფიქრებელია სხვა გზები, რითაც პრობლემა დარეგულირდება.
„ცხადია, ჩვენი პოზიცია არ გულისხმობს, რომ საერთოდ არ უნდა შენდებოდეს გზები და ესტაკადები. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პრობლემის ოპტიმიზაციის საშუალება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის პრობლემის მოგვარების გზა“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
ასოციაციის ინფორმაციით, მენაშენეები მიიჩნევენ, რომ მისაღებია მთავარი გადაწყვეტილება, რათა ყველანაირი უპირატესობა მიენიჭება ქვეითს და არა მძღოლს. „საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული უნდა გახდეს მოსახლეობის ნებისმიერი ფენისთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ უნდა იყოს სოციალური მდგომარეობის მაჩვენებელი. ეს უნდა გადავტეხოთ მენტალურად“, – ამბობს „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.
„მენაშენეთა ასოციაციის“ განცხადებით, მათმა ასოციაციამ აღნიშნულ განცხადებამდე გაავრცელა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში პარკინგის აპლიკაციის შექმნას და ამ გზით მანქანების გასაჩერებელი ადგილების მართვის ოპტიმიზაციას გეგმავენ. „როდესაც მოქალაქე ყიდულობს პარკინგს თავისი ბინის სიახლოვეს, ეს ავტოსადგომი არ მუშაობს ოპტიმალურად, რადგან დატვირთულია მხოლოდ ღამის საათებში და დასვენების დღეებში. სხვა დროს, როდესაც სამსახურში მივდივართ, ან ქალაქიდან გავდივართ, ეს პარკინგი უმოქმედოა. „მენაშენეთა ასოციაცია“ პარკინგის პრობლემის მოგვარების კუთხით რეკომენდაციების 12-პუნქტიან პაკეტზე მუშაობს. თუმცა, არც ეს მიაჩნიათ საკმარისად და ამ პროცესში ყველა პროფესიის წარმომადგენლის აუცილებლად ჩართვაზე მიუთითებენ – ურბანისტების, არქიტექტორების, მეგზევეების და ა.შ.“, – აცხადებენ ასოციაციაში.