ვარაზისხევში, ჟვანიას ქუჩის მარჯვენა ფერდზე, პოტენციურად საფრთხისშემცველ ზონაში, ერთი ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო ორ მშენებლობის მოთხოვნაზე მერიას ჯერჯერობით ნებართვა გაცემული არ აქვს , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, თემურ ბოლოთაშვილმა განუცხადა.
ბოლოთაშვილის ინფორმაციით, ვარაზისხევში, ჟვანიას ქუჩის მარჯვენა ფერდი პოტენციურად საფრთხისშემცველი ზონაა, ხოლო მარცხენა ფერდი, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტით, მშენებლობისთვის ვარგისია.
„ვარაზისხევში, ჟვანიას ქუჩის მარჯვენა ფერდზე პოტენციურად საფრთხისშემცველ ზონაში არის ერთი მიმდინარე მშენებლობა, რომლის ნებართვაც 2006 წელს იყო გაცემული (2015 წელს პროექტი შეთანხმდა, 2016 წელს კი, პროექტის კორექტირება მოხდა) და ორი მიმდინარე მოთხოვნაა, რომლის დოკუმენტების შესწავლის პროცესში ვართ და აუცილებლად მოვითხოვთ დეტალურ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევებს, გადავაგზავნით გარემოს ეროვნულ სააგენტოში და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ მათი ინსტრუქციების შესაბამისად“, - განაცხადა ბოლოთაშვილმა.
რაც შეეხება ვერეს ხეობას, ბოლოთაშვილის თქმით, მერიამ კანონიერების შესწავლის შემდეგ უკვე გააბათილა ორი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიას.
„გაბათილებული აქტებიდან ერთი ეს არის თამარაშვილის ქუჩასთან, ახალი გზის შემოსასვლელთან, სასტუმროს მშენებლობის საკითხი და მეორე - საბურთალოს ქუჩის გვირაბთან რესტორნის მშენებლობის საკითხი. რაც შეეხება ზოოპარკთან უკვე არსებულ ე.წ. იკეას კორპუსს, ამ ტერიტორიაზე ორი მიმდინარე მოთხოვნაა შემოსული მერიაში. ორივე პროექტი (სასტუმრო და მრავალფუნქციური შენობა) შეთანხმებული დაგვხვდა და ახლა ბოლო სტადიას გადის. ორივე შემთხვევაში გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილები აქვს დართული დოკუმენტებს, რომ აღნიშნული ადგილი არ არის ადამიანისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ზონაში. ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, ტოპოგრაფიული ნიშნულია ასაწევი ნახევარი მეტრით და ნატანის დამჭერი ცხაურებია დასამაგრებელი“, - განაცხადა ბოლოთაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
გარდა ამისა, ბოლოთაშვილი ამბობს, რომ სვანიძის ქუჩაზე, სადაც 2015 წელს, ვერეს სტიქიის დროს დატბორვის ზონა იყო, ერთ მშენებლობას უარი ეთქვა.
ბოლოთაშვილი ამბობს, რომ ვერეს ხეობაში, ასევე, ჟვანიასა და შატბერაშვილის ქუჩების ფერდებზე ნებართვების მოთხოვნის შემთხვევაში სამსახური განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენს.
ცნობისთვის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ვარაზისხევში, ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევა გუშინ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ჟვანიას ქუჩის მარჯვენა ფერდზე არსებული გრუნტი არასტაბილურია, მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია და მეწყრული პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა არსებობს. მისივე ინფორმაციით, ვერეს ხეობის დატბორვის არეალში გაცემულია სამშენებლო ნებართვები, რაც კატასტროფაა და ამ ტერიტორიაზე მშენებლობები კატეგორიულად დაუშვებელია.