დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სამუშაო ადგილების ზრდის მაჩვენებელს დადებითად აფასებს და მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის გააზრებულ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას.
„სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ გარკვეულ ღონისძიებებზე შედეგი ნელ-ნელა დადგა. სწორედ, იმ სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამებით, რომელიც არსებული ბიზნესების შემდგომ გაფართოებას და რეინვესტირებას უწყობდა ხელს. შედეგზე გარკვეულწილად იმოქმედა ესტონურ მოდელზე გადასვლამ. დღეს, საქართველოში ტურიზმი არის მზარდი და მთელი რიგ მომსახურებებზე, იგივე სასტუმროს ბიზნესზე მოთხოვნა იზრდება და ესეც ქმნის გარკვეულწილად დამატებით სამუშაო ადგილებს. ეს არის დადებითი ტენდენცია და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“, - აცხადებს რომან კაკულია.
მისი თქმით, სამუშაო ადგილების შექმნა არის მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და სწორედ ამ მიმართულებით საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. “ მთავრობის ინიციატივა - საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნა, მიმართულია სწორედ ამ ადამიანებისკენ, რომლებსაც ბიზნეს საქმიანობაში ან ინიციატივებში ჩართულობის შესაძლებლობა გარკვეულწილად შეზღუდული აქვთ. ვფიქრობ, ეს ტენდენციაც უფრო გააძლიერებს დასაქმების შესაძლებლობებს და რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, მეტად შეუწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ამიტომაც, ბიზნესსექტორში ბრუნვის ზრდა, პირველ რიგში, პოზიტიურად აისახა დასაქმებაზე“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქსტატის მონაცემებით 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.3%-ით, მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.7%-ით გაიზარდა.
რომან კაკულიას კომენტარს პარლამენტი ავრცელებს.